რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის მიზნების გადახედვის მიზეზს ვერ ვხედავთ

Achmad Ibrahim/AP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის მიზნების გადახედვის მიზეზს ვერ ხედავს. ამის შესახებ ლავროვმა ეუთოს მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კრემლმა იცის რა მიზნებს აღწევს და მის განხორციელებას თვალყურს ადევნებს. 

"მე გამოვდივარ იქიდან, რომ ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნებს აღწევს. უმაღლესი მთავარსარდალი ამ ოპერაციას მუდმივად აკონტროლებს. ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადაიხედოს ჩვენი მიზნები". - თქვა ლავროვმა.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი გუშინ დაიწყო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სკოპიე სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ლავროვის მონაწილეობის გამო შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინამ, პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა.

კომენტარები