ლგბტ მოძრაობა რუსეთში

სოლოვიოვის შვილი ლგბტ მოძრაობის ექსტრემიზმად აღიარებას "ავადმყოფურ ხუმრობას" უწოდებს

კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის შვილი ეკატერინა სოლოვიოვამ "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის" ექსტრემისტულად აღიარებას "ავადმყოფური ხუმრობა" უწოდა.

"აბსურდის თეატრს ვაღმერთებ, თუმცა, ეს ავადმყოფური ხუმრობაა. ჩვენ ექსტრემისტულად ვაღიარებთ არარსებულ, უწყინარ ორგანიზაციებს და ამავდროულად, კრემლში ჰამასის მიღებებს ვაწყობთ. ორუელსაც კი გული აერეოდა [ამ ყველაფრის "გადაყლაპვის" შედეგად]. მსურს შეგახსენოთ, რომ რუსეთში ოჯახში ძალადობისთვის მხოლოდ ჯარიმები გვაქვს". - წერს სოლოვიოვა სოციალურ ქსელში.

გამოცემა The Insider აღნიშნავს, რომ კრემლის აქტიური პროპაგანდისტის შვილი, ეკატერინა სოლოვიოვა ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის ომს უკრაინაში, ავრცელებს მოწოდებებს უკრაინელებისა და მობილიზაციის წინააღმდეგი რუსების დასახმარებლად, დგამს ბურლესკისა და ფემინისტური ტიპის პერფორმანსებს და განაგრძობს ცხოვრებას მოსკოვში.

წარსულში სოლოვიოვა უარს ამბობდა მამასთან, ვლადიმირ სოლოვიოვთან ურთიერთობაზე კომენტარის გაკეთებაზე და ამის მიზეზად მის პროექტებში მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნვას ასახელებდა.

"ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი კოლეგების უსაფრთხოებაა, რომლებიც უსამართლობისა და გონებაშეზღუდულობის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდნენ. დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ მამაჩემზე საუბარი დღეს ნიშნავს როგორც ჩემი და ჩემი ოჯახის, ასევე ჩემი მეგობრებისა და კოლეგების საფრთხეში ჩაგდებას". - ამბობდა სოლოვიოვა.

კომენტარები