ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასის ტყვეობიდან კიდევ 12 მძევალი გათავისუფლდა

ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული 17 წლის მია ლეიმბერგი
სოციალური მედია

ისრაელსა და ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას შორის დადებული გარიგებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთი დღით გახანგრძლივების სანაცვლოდ, 28 ნოემბერს ჰამასმა კიდევ 12 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის 10 ისრაელელი და 2 ტაილანდის მოქალაქე.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, გათავისუფლებული მძევლები უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამჟამად მათ სამედიცინო შემოწმება უტარდებათ, რის შემდეგაც ისინი ოჯახებს შეხვდებიან.

IDF-ი საზოგადოებას გათავისუფლებული მძევლებისა და მათი ოჯახების მიმართ "მოთმინებისა და გულისხმიერებისკენ მოუწოდებს".

24 ნოემბერს ისრაელის დროით დილის 7 საათზე ღაზის სექტორში დროებითი ჰუმანიტარული ზავი დაიწყო. შეთანხმების მიხედვით, ტყვეთა გათავისუფლების პირველ ეტაპზე ჰამასმა სულ 50 მძევალი, მომდევნო 4 დღის განმავლობაში კი დანარჩენი მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მოგვიანებით, ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციის მხრიდან ორივე დღეს 10-10 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, დროებითი ზავი ორი დღით გახანგრძლივდა.

26 ნოემბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისრაელი მიესალმება ზავის გაგრძელებას იმ პირობით თუ ჰამასი ზავის ყოველ დამატებით დღეს 10 მძევალს გაათავისუფლებს.

კომენტარები