ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იემენის სანაპიროსთან ტანკერი გაიტაცეს, ბორტზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა

იემენის სანაპიროსთან თავდამსხმელებმა ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Associated Press-ი წერს. ბოლო დღეებში ეს რიგით მესამე საზღვაო თავდასხმაა, რომელიც რეგიონში განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა და გემების მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანია Zodiac Maritime-ს ეკუთვნოდა. გემი ადენის ყურეში გაიტაცეს.

კომპანიის განცხადებით, "ჩვენი პრიორიტეტი ბორტზე მყოფი 22 ეკიპაჟის წევრის უსაფრთხოებაა." Zodiac Maritime-ის თქმით, ეკიპაჟის წევრებს შორის ქართველი, ვიეტნამელი, ბულგარელი, ინდოელი, ფილიპინელი და რუსი მოქალაქეები არიან. ხომალდს ფოსფორული მჟავა გადაჰქონდა.

ბორტზე მყოფი ქართველის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

Zodiac Maritime-ის კომპანიის სათაო ოფისიც ლონდონშია და მისი მფლობელი ისრაელში დაბადებული მილიარდერი ეიალ ოფერია.

19 ნოემბერს იემენში ირანიდან მართულმა ჰუსიტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ისრაელის დროშის ქვეშ მცურავი ან ისრაელური კომპანიის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ხომალდი მათი სამიზნე გახდებოდა. ამავე დღეს იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სატვირთო ხომალდი Galaxy Leader-ი გაიტაცეს.

მასალა განახლებადია

კომენტარები