ზღვის ეშმაკი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხვირმათრახა ზღვის ეშმაკი მთელ ცხოვრებას თავდაყირა ატარებს

ჩრდილო-დასავლეთ წყნარ ოკეანეში 2011 წელს იაპონელი მეცნიერების მიერ შენიშნული თავდაყირა ცხვირმათრახა ზღვის ეშმაკი
Japan Agency for Marine-Earth Science and Technology

ოკეანის ღრმა წყლებში მოპოვებული ვიდეომტკიცებულებებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხვირმათრახა ზღვის ეშმაკი მთელ ცხოვრებას თავდაყირა ატარებს.

თევზის ცხოვრების აღნიშნული სტილის შესახებ კვლევა მეცნიერებმა მიმდინარე თვეში Journal of Fish Biology-ში გამოაქვეყნეს.

ცხვირმათრახა ზღვის ეშმაკები ზღვის პატარა მონსტრები არიან, რომლებსაც სახეზე ანკესის მსგავსი წანაზარდი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის ეშმაკი დაახლოებით კატის ზომისაა, მას აქვს გრძელი და მოქნილი ხერხემალი, რომელიც ცხვირის მხარესაც წამოზრდილია და სხეულზე ოთხჯერ გრძელია. სწორედ ამ წანაზარდს იყენებს მდედრი ზღვის ეშმაკი სატყუარად. მათრახის წვეტში მცხოვრები ბიოლუმინესცენციური ბაქტერიების საშუალებით თევზი მსხვერპლს იტყუებს და ჭამს (აღსანიშნავია, რომ მამრ ზღვის ეშმაკს ეს სატყუარა არ აქვს).

თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ცხვირმათრახები, როგორც სხვა სახეობის ზღვის ეშმაკები, თავიანთ სატყუარას სახის წინ ჩამოკიდებულს ატარებდნენ. თუმცა, სხვადასხვა დროს ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებში წყალქვეშა მისიების დროს გადაღებული ვიდეოებით დაასკვნეს, რომ ისინი თავდაყირა ცხოვრობენ, სატყუარა კი ოკეანის ფსკერისკენაა მიმართული.

თავდაყირა მცხოვრები თევზი ერთი შეხედვით დიდ საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა, მეცნიერების თქმით, ცხოვრების ეს სტილი ზღვის ეშმაკს შესაძლოა კიდევ უფრო მომაკვდინებელს ხდიდეს - ამ სახეობის თევზის ერთ-ერთი ნიმუშის მუცელში კალმარის მომცრო სახეობაც კი იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ზღვის ეშმაკების ცხოვრების სტილის შესახებ ვიდეომასალის მოპოვებაში უმნიშვნელოვანესი როლი დისტანციურად მართვადმა მოწყობილობებმა (R.O.V.) ითამაშა, რომლებმაც მეცნიერებს ოკეანის სიღრმეში მცხოვრები ამ თევზების გადაღების შესაძლებლობა მისცა.

მანამდე კვლევისთვის ძირითადად მკვდარი თევზის ნიმუშებს იყენებდნენ, რაც ცხვირმათრახების ქცევის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლეოდა, რადგან ამ სახეობის თევზის ანატომიაში არაფერია ისეთი, რაც მიანიშნებდა, რომ ისინი მთელს ცხოვრებას თავდაყირა ატარებენ.

კომენტარები