ხვიჩა კვარაცხელია

ფეხბურთის ფედერაცია: ერთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია
Radio Tavisupleba

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 2024 წლის მარტში დაგეგმილი ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ნაკრების ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია.

ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ავრცელებს:

"როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დარჩენილი ბოლო 3 საგზურიდან ერთ-ერთის მოსაპოვებლად მარტში საქართველო იბრძოლებს.

21 და 26 მარტს, გველის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრები და როგორც ვიცით დანამდვილებით, 21 მარტს, თბილისში, ვუმასპინძლებთ ან ლუქსემბურგს, ან აზერბაიჯანის ნაკრებს და ფინალური შეხვედრა კი 26 მარტს გველის.

23 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა თუ რომელი ნახევარფინალის გამარჯვებული იქნება მასპინძელი ფინალურ შეხვედრაში და უნდა ვისურვოთ, რომ ფინალის მასპინძელი ჩვენი ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული იყოს, რადგან ჩვენი გუნდი უფრო ძლიერია იმ გულშემატკივართან ერთად, რომელიც მას დინამო არენას ტრიბუნებიდან ამხნევებს.

სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაგვეხმარება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გუნდს ნებისმიერი შემთხვევაში აქვს იმის რესურსი, ნახევარფინალში გაიმარჯვოს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ითამაშოს და გადამწყვეტ მატჩში უკვე ხვიჩასთან ერთად შევძლოთ იმ ოცნების ახდენა, რასაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში ქვია". 

კომენტარები