ოკუპირებული აფხაზეთი

არძინბა: კარს დავუკეტავთ იმ NGO-ებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ

ინალ არძინბა

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სოხუმში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მარიონეტული უწყების ე.წ. პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები განიხილეს, რაც ახლო მომავალში ე.წ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შესაბამის ბრძანებაში აისახება.

როგორც არძინბამ აღნიშნა, გაეროს სააგენტოებმა შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რაც მარიონეტის თქმით, აღიქმება როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა.

"მათთვის, ვისაც აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განადგურება და აფხაზეთის რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიად განხილვა სურს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება". - თქვა არძინბამ.

ამასთან, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები დეზინფორმაციას აწვდიან მის უწყებას იმ პროექტების რეალური მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რომლებსაც ისინი ახორციელებენ.

ამავდროულად, მარიონეტის თქმით, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს "კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას" და ასევე, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას".

კომენტარები