ჰაიტი

ჰაიტიში მძიმედ შეიარაღებულმა ბანდამ საავადმყოფოს ალყა შემოარტყა

ფონტანის საავადმყოფო ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში
AP Photo/Odelyn Joseph, File

15 ნოემბერს მძიმედ შეიარაღებულმა ბანდამ ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიში მდებარე ფონტეინის საავადმყოფოს ალყა შემოარტყა. შენობაში მყოფ ქალებს, ბავშვებსა და ახალშობილებს ბანდის წევრები ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით პოლიციამ მათი ტყვეობიდან დახსნა მოახერხა.

საავადმყოფოს დამფუძნებელმა და დირექტორმა, ხოსე ულისემ Associated Press-ს უთხრა, რომ ალყის დროს ბანდები საავადმყოფოს გარშემო სახლებს წვავდნენ და შიგნით მყოფ ხალხს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. თავდაპირველად მან ისიც თქვა, რომ დიდი ალბათობით, ბანდის რამდენიმე წევრი საავადმყოფოს შენობაშიც შევიდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული უარყო.

ულისეს თქმითვე, მან დასახმარებლად ჰაიტის ეროვნულ პოლიციას მიმართა, რომლის წევრებმაც 3 შეჯავშნული სატვირთო მანქანით 40 ბავშვი და 70 პაციენტი, მათ შორის, ჟანგბადზე მიერთებული ბავშვები, ქალაქის უსაფრთხო ნაწილში, კერძო სახლში გადაიყვანეს.

"ბანდები სრულად აკონტროლებენ ტერიტორიას". - თქვა ულისემ.

საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ალყაზე პასუხისმგებელია ბრუკლინის ბანდა, რომელსაც ტი გაბრიელის სახელით ცნობილი განგსტერი, გაბრიელ ჟან-პიერი ხელმძღვანელობს. ჟან-პიერი ბანდების G-Pep-ის სახელით ცნობილი ძლიერი ალიანსის ლიდერიცაა. ეს ალიანსი ჰაიტიზე არსებული ბანდების ორი დაპირისპირებული კოალიციიდან ერთ-ერთია.

ფონტეინის ჰოსპიტალური ცენტრი პორტ-ო-პრენსის ბანდების მიერ განადგურებულ საზოგადოებაში ერთგვარ ოაზისად განიხილებოდა. დედაქალაქში განსაკუთრებით რთული ვითარება სიტ სოლეის მივარდნილ დასახლებებშია, სადაც ბანდები ადამიანებს ყოველდღიურად აუპატიურებენ, ცემენ და კლავენ.

ბრუკლინის ბანდაში დაახლოებით 200 განგსტერია და ისინი სიტ სოლეის რამდენიმე დასახლებას, მათ შორის ბრუკლინს აკონტროლებენ. გაეროს უკანასკნელი მოხსენების მიხედვით, ეს ბანდა ჩართულია გამოძალვაში, საქონლის გატაცებასა და ზოგადად ძალადობაში.

ჰაიტიში ბანდები 2021 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ გაძლიერდნენ. მას შემდეგ ქვეყანაში გატაცებებისა და მკვლელობების რიცხვი სულ უფრო იზრდება.

კომენტარები