არჩევნები 2024

სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი იქნება თუ კოალიციის ლიდერი, 23-ში გაიგებთ – ხაბეიშვილი

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, 23 ნოემბერს პარტიის შიდა დაპირისპირებებთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მათ შორის, ცნობილი გახდება მომავალ საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის შესახებ გადაწყვეტილებაც. ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. 

"ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი იმ პირობებში, როცა ჩემს პირადზე კი არა, პარტიას აზიანებენ და არასდროს არ წყვეტენ. ამიტომ მე ვალდებული ვარ, ამ ხალხის ნებაც აღვასრულო. ამიტომ, 23 ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი. გვაქვს კონკრეტული გეგმა". - თქვა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა დადებითი პასუხი გასცა ჟურნალისტს შეკითხვას, გაიგებს თუ არა მოსახლეობა 23 ნოემბერს რაიმე სიახლეს მიხეილ სააკაშვილის შესახებ, კერძოდ, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ჩაერთვება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნო პროცესში.

"ამომრჩევლების დიდი უმრავლესობისთვის სასურველია, პრემიერმინისტრობის კანდიდატი იყოს მიხეილ სააკაშვილი. ასეა, შევთანხმდეთ, ასეა, ასეა. მიხეილ სააკაშვილი სურს, ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობას, რომ იხილოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად... ჩემი შეკითხვა, როცა პარტნიორებს ვესაუბრები, მდგომარეობს ამაში - როგორ წარმოუდგენიათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობას სურს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად, იყოს ციხეში, საარჩევნო კამპანია როგორ უნდა ჩავატაროთ?". - ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ პარტია "ხელების ჩამოშვებას" არ აპირებს.

" არცერთ შემთხვევაში - ექნება პრეზიდენტ სააკაშვილს ამის შესაძლებლობა და ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობა თუ მოუწევს, მაგალითად, ტყვეობიდან საარჩევნო კამპანიაში რაიმე სახით, ფორმით ჩართვა და მონაწილეობა. იქნება ეს პრემიერმინისტრობის კანდიდატი პირობითად ციხიდან, იქნება კოალიციის მთავარი ლიდერი, ეს გადაწყვეტილებები იქნება უახლოეს პერიოდში მიღებული... კი, კი, 23 ნოემბერს უნდა დაველოდოთ, ყველაფერი, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გაიგებს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველიც, ხალხიც" - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები