ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორში ბეით ჰანუნის დასახლება დაიკავეს. ახლა ბრძოლები ალ-შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მათი თქმით, ისრაელის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს საავადმყოფოს პერსონალისა და პაციენტთა უსაფრთხოების დასაცავად.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ელექტრო ენერგიის არარსებობისა და ჰუმანიტარული მარაგების სიმცირის პირობებში ალ-შიფას საავადმყოფოში ათასობით ადამიანი, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, პაციენტი და დევნილია გამომწყვდეული. განცხადებას გამოეხმაურა ისრაელის შეიარაღებული ძალები. მათი თქმით, საავადმყოფოში მყოფ სამოქალაქო პირებს, რომლებსაც სურთ ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება, აღმოსავლეთ გასასვლელით სარგებლობა შეუძლიათ.
IDF-ის განცხადებით, მათ, საავადმყოფოს პერსონალთან შეთანხმებით, საავადმყოფოს 300 ლიტრი საწვავი მიაწოდეს, თუმცა ჰამასმა ისინი აიძულა უარი ეთქვა მის მიღებაზე.
"ჩვენ საავადმყოფოს ტერიტორიაზე განვათავსეთ საწვავით სავსე ავზები, თუმცა შემდგომ, მივიღეთ მტკიცებულება ჰამასის ოფიციალური პირების მიერ საწვავის მიღების გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ." - წერს IDF.
ასევე, ისრაელის მხარემ გამოაქვეყნა IDF-ის წარმომადგენელსა და ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლის სატელეფონო ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ღაზის სექტორის ჯანდაცვის მინისტრმა იუსუფ აბუ-ალ რიშმა საავადმყოფოს აუკრძალა საწვავის მიღება.
IDF-ის თქმით, საავადმყოფოსთვის გადაცემული საწვავი უცნობმა ადამიანმა წაიღო, მიმღების ვინაობა მათთვის უცნობია.
ისრაელის შეიარაღებული ძალების თქმით, ჰამასის მთავარი სამხედრო ბაზა ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ არის განლაგებული და მოუწოდებენ სამოქალაქო პირებს დატოვონ, როგორც საავადმყოფოს, ისე - ჩრდილოეთ ღაზის ტერიტორია და გადავიდნენ სამხრეთით.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.
22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.
28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.





