გერმანია

გერმანია თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-მდე ზრდას მომავალი წლისთვის გეგმავს

Alexander Koerner/Getty Images/Politico

გერმანია გეგმავს, რეგულარულად გაზარდოს თავდაცვის დანახარჯები, რათა იგი NATO-ს სამიზნე მაჩვენებელს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს გაუტოლდეს. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, დაფინანსების საშუალოვადიან გეგმებში თავდაცვისთვის ბიუჯეტის უფრო მეტი წილის გამოყოფას აპირებენ. 

10 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მთავრობის ბიუჯეტი "ადაპტირდება იმგვარად, რომ (სამხედროებმა) მიიღონ საჭირო რესურსები - სპეციალური ფონდის ამოწურვის შემდეგაც კი".

NATO-ს მოლოდინით, გერმანია თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 1.57%-მდე წელს გაზრდის, თუმცა, თავდაცვის სპეციალური დანიშნულების ფონდის წყალობით, იგი სავარაუდოდ, მომავალ წელს 2%-მდე გაიზრდება. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შოლცმა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკაში Zeitenwende-ს - ისტორიული გარდამტეხი წერტილის დაწყება გამოაცხადა. სპეციალური ფონდის შექმნა კი ამ პოლიტიკის ნაწილია. 

გარდა ამისა, შოლცმა და პისტორიუსმა ისაუბრეს პროექტ FCAS-ზეც, რომელიც საფრანგეთთან და ესპანეთთან თანამშრომლობით საბრძოლო თვითმფრინავის შექმნას ითვალისწინებს. გერმანიის ლიდერებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ თითქოს გერმანია დაფინანსებისა და დიზაინის შესახებ დავის გამო შეთანხმების დატოვებას აპირებდა. 

9 ნოემბერს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანიამ პირველად გამოსცა დოკუმენტი, რომელშიც თავდაცვის პოლიტიკის ახალი სახელმძღვანელო მითითებებია მოცემული. 19-გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი, თუ რას ნიშნავს Zeitenwende ბუნდესვერისთვის. 

"როგორც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ევროპის ცენტრში, გერმანია უნდა იყოს შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის ხერხემალი ევროპაში". - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები