რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ დღეს ევროკომისია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს 9 დათქმას დაუწესებს. იოზვიაკის თქმით, აქედან 6 წინა პირობების გამეორებაა, 3 კი ახალი პუნქტი იქნება.
"ევროკომისია რეკომენდაციას უწევს 9 დათქმას. აქედან 6 წინა პირობების გამეორებაა, დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა და ა.შ. მაგრამ, ასევე 3 ახალი პირობა იქნება - საქართველოს ბრძოლა დეზინფორმაციასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში მოსვლა. ეს იქნება ის 3 პირობა, რომელსაც თქვენ მიიღებთ.
ევროკომისია დღეს რეკომენდაციას გასცემს და დეკემბერში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ამ 9 დათქმას გადახედავს და გადაწყვეტს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს თუ არა. შეიძლება, ამ პირობებიდან ზოგიერთი დაუყონებლივ შესრულდეს, ნაწილი კი მომდევნო მოხსენებამდე გაგრძელდეს, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე იქნება". - თქვა იოზვიაკმა TV პირველთან ინტერვიუში. [TV პირველის სინქრონული თარგმანი]
Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები დღეს, 8 ნოემბერს შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის პროგრესი, მათ შორის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსი.
2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული რეფორმა, მედიის თავისუფლება.
რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, დანარჩენი 9 პროცესშია.





