რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუმინეთი უკრაინელი პილოტების F-16-ებზე მომზადებისთვის სასწავლო ცენტრს ქმნის – უკრაინა

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იგნატის თქმით, რუმინეთი F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად საჭირო ინფრასტრუქტურას ამზადებს

"პარტნიორები არიან თანმიმდევრულები და ამ ქვეყანას [რუმინეთს] ინფრასტრუქტურისთვის ყველა საჭირო რესურსს აწვდიან". -აღნიშნა იგნატმა. 

მისვე თქმით, მფრინავებისთვის საჭირო სასწავლო ცენტრების შექმნა უკრაინას თავის ტერიტორიაზეც მოუწევს. გარდა ამისა, იგნატმა აღნიშნა, რომ უკრაინამ, შესაძლოა, არა ერთი, არამედ რამდენიმე ასეთი ცენტრი შექმნას. 

გასულ კვირას, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ აღნიშნა, რომ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას გადასცემს, 2 კვირაში რუმინეთის სასწავლო ბაზა უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად ჩავა.

გარდა ნიდერლანდებისა, უკრაინას F-16-ის თვითმფრინავებს ბელგია, დანია და ნორვეგიაც გადასცემენ. კიევი მათ, სავარაუდოდ, მომავალ წელს მიიღებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პილოტების მომზადების შემდეგ ნიდერლანდებისგან კიევი F-16-ის 42 თვითმფრინავს, ხოლო დანიისგან 19-ს მიიღებს. 

უკრაინის სამხედროები იმედოვნებენ, რომ ამ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებას ბრძოლის ველზე 2024 წლის თებერვლისთვის შეძლებენ.

ამასთან, აქამდე ბელგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2025 წელს უკრაინას გადასცემს F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებს.

კომენტარები