ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პროპალესტინური მარშის კონტრაქციისას დაშავებული ებრაელი კაცი გარდაიცვალა

პოლ კესლერი 5 ნოემბერს პროპალესტინური მარშის კონტრაქციაზე დაშავდა

კვირას, 5 ნოემბერს, კალიფორნიაში პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრანტებთან ფიზიკური დაპირისპირების დროს 69 წლის ებრაელი კაცი, პოლ კესლერი წაიქცა და თავის არეში ჭრილობა მიიღო. იგი 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას კესლერი თავის არეში იყო დაჭრილი. ავტოფსიამ დაადგინა, რომ კესლერი თავის არეში მიყენებული ბლაგვი ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.

პოლ კესლერი პროპალესტინელებთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ

კესლერის სიკვდილზე გამოძიება ადამიანის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ადგილობრივი ოფიციალური პირები გამოძიების სიძულვილის დანაშაულის კუთხით წარმართვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ებრაულმა ორგანიზაციებმა მომხდარი დაგმეს.

"ცივილიზებულ საზოგადოებაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ძალადობას ადგილი არ აქვს და ამის მიმართ ტოლერანტულები არ ვიქნებით", - განაცხადა ადგილობრივმა ებრაულმა ფედერაციამ.

7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმიდან დღემდე, დასავლეთის ქვეყნებში მასობრივი პროპალესტინური აქციები გაიმართა. 21 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ლონდონში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

ამასთანავე საგრძნობლად გაიზარდა ანტისემიტიზმის შემთხვევები. მაგალითად, საფრანგეთის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ 1040-მდე ანტისემიტური ქმედება დაფიქსირდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანინის ცნობით, ამგვარი სამართალდარღვევებისთვის საფრანგეთში 486 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 102 უცხოელი იყო.

კომენტარები