ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: სააკაშვილის განცხადება პირადად ნიკა მელიას ეკუთვნოდა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ხაბეიშვილი ამბობს, რომ საკუთარ გამოსვლაში სააკაშვილი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გულისხმობდა.

"სრულიად საზოგადოებამ ასე გაიგო და არ არსებობს მეორე ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს ნიკა მელიას არ ეხებოდა [...] პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება პირადად მას ეკუთვნოდა. რაც შეეხება სტატუსს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის Facebook-ზე გამოჩნდა - დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე სახელსა და გვარს იტყვის [...] ვინ არის ის ადამიანი, ან ადამიანები, ვინც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ბიძინა ივანიშვილს ვებრძოლოთ.

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ, ვინმეს შესაძლებლობა მივცე, პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება გააგრძელოს[...] ამ ადამიანმა საკუთარი თავი გარიცხა და მისი ყველა საჯარო განცხადებით ყოველდღე რიცხავს. ნაციონალური მოძრაობის წევრობა არ განისაზღვრება მანდატით ან დოკუმენტით, ეს განისაზღვრება მოქმედებებით, საქციელით. როცა ენმ-ს წევრი ხარ, თავმოყვარეობა უნდა გქონდეს". - თქვა ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

3 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას თქვა: "თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და თქვენი რაღაც გააკეთოთ. ეს სჯობს, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ ".

საპასუხოდ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "თქვა და გააკეთე" არ არის ის გზა, რომლითაც ის დადის. მელია ასევე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაშია და არ გამორიცხავს, რომ ექსპრეზიდენტი შეცდომაში იყოს შეყვანილი.

ამის შემდეგ, სააკაშვილმა 6 ნოემბერს მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: "იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო, როგორც ნიკა მელიასა და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებასა და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე".

კომენტარები