ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პუტინის ძეგლი გახსნეს

პუტინის ძეგლი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში
Baeston

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის სოფელ წორბისში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ძეგლი დადგეს.

ტელეგრამ-არხი Baeston-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს ძიუდოს ხალათ - ჯუდოგიში გამოწყობილი პუტინის ძეგლი.

როგორც ტელეგრამ-არხი წერს, პუტინის ბრინჯაოს ფიგურა თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ჯამბულათ თედეევმა საკუთარ სოფელში დადგა.

როგორც გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, პუტინის ფიგურა სტალინის ძეგლის გვერდზე დადგეს.

2011 წელს თედეევმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სცადა, თუმცა მისი კანდიდატურა არ დაარეგისტრირეს, რასაც არეულობა მოჰყვა. ამის შემდეგ მან მხარი დაუჭირა ალი ჯიოევის კანდიდატურას, რომელმაც ე.წ. არჩევნებში გაიმარჯვა.

2017 წელს თედეევი პუტინმა "მამულის წინაშე დამსახურებისთვის" დააჯილდოვა, 2020-ში კი ალექსანდრ ნეველის ორდენით.

2022 წელს თედეევმა დატოვა თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი, რომელსაც 2016 წლიდან იკავებდა.

კომენტარები