ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აიათოლა ალი ხამენეი მუსლიმურ ქვეყნებს ისრაელისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ღაზის სექტორის დაბომბვის გამო, მუსლიმურ ქვეყნებს ისრაელისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ Reuters ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.

აიათოლა ალი ხამენეის თქმით, მუსლიმურმა ქვეყნებმა ისრაელს ნავთობისა და სურსათის ექსპორტი უნდა შეუწყვიტოს.

"ღაზის სექტორის დაბომბვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. [...] სიონისტური რეჟიმისთვის ნავთობისა და სურსათის ექსპორტის გზა უნდა შეწყდეს". - თქვა ირანის უზენაესმა ლიდერმა თეირანში სტუდენტთა ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ამავდროულად, აიათოლა ალი ხამენეიმ აღნიშნა, რომ აშშ ისრაელის მიერ "პალესტინელთა წინააღმდეგ ჩადენილი ბოლო დანაშაულებების" თანამონაწილეა.

"ისლამურმა მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ ღაზის სექტორის გადამწყვეტ საკითხში ჩაგრული პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ გამოდიოდნენ აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი". - თქვა ალი ხამენეიმ შეძახილების – "სიკვდილი ისრაელს!" და "სიკვდილი ამერიკას!" ფონზე.

კომენტარები