რამზან კადიროვი

"შუბლში ესროლეთ ტყვია, ეს ჩემი ბრძანებაა" – კადიროვი შესაძლო "არასანქცირებულ არეულობაზე"

რამზან კადიროვი 

რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მასიური არასანქცირებული აქციების შესაჩერებლად სამართალდამცავებს შეუძლიათ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენონ.

"თუკი ჩვენთან(ჩეჩნეთში) ერთი ადამიანი მაინც გავა არასანქცირებულ არეულობაზე, ის უნდა დააკავოთ და ჩასვათ ციხეში. ან სამჯერ გაისროლეთ ჰაერში და თუ ამის შემდეგ ადამიანი კანონის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მეოთხე ტყვია შუბლში ესროლეთ. მეჯერ აღარ გამოვლენ. ეს ჩემი ბრძანებაა". – თქვა კადიროვმა თათბირზე, რომელსაც შსს-ს და როსგვარდიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

რომელ "არასანქცირებულ არეულობაზე" ლაპარაკობდა ჩეჩნეთის ლიდერი დაზუსტებული არა არის, თუმცა ცოტა ხნით ადრე კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში "მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი არეულობის მსგავსი დაგეგმილი პროვოკაცია აღიკვეთა".

29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში თელ-ავივიდან ჩამოსულ რეისს ასობით ადამიანისგან შემდგარი ანტისემიტურად განწყობილი ბრბო დახვდა. დემონსტრანტები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ებრაელებს ეძებდნენ. როგორც მომსწრეები ამბობენ, ისინი ყველა შენობაში შედიოდნენ. მათ ასაფრენ ბილიკზე შეღწევაც შეძლეს და თელ-ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეღწევას ცდილობდნენ. რეიდში 1500-ზე მეტი დემონსტრანტი მონაწილეობდა, პოლიციამ 59 პირი დააკავა, მძიმედ დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები