ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

რუსეთი მაჰაჩყალის აეროპორტში ებრაელებზე მასობრივ თავდასხმას კიევს აბრალებს

  Image: AP/picture alliance

რუსეთმა დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში ანტისემიტური თავდასხმა კიევს დააბრალა. 

"კიევის დანაშაულებრივმა რეჟიმმა პირდაპირი და ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო დესტრუქციულ მოვლენებში" - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ. 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ზახაროვას ბრალდებები უარყო. პოდოლიაკმა Reuters-თან განაცხადა, რომ კიევს მაჰაჩყალის აეროპორტის შემთხვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

მარია ზახაროვამ ხაზი გაუსვა კრემლის კრიტიკოსის ილია პონომარიოვის როლს მაჰაჩყალის აეროპორტის ინციდენტში. მისი თქმით, პონომარიოვი აფინანსებდა იმ რუსულ ჯგუფს, რომელმაც 29 ოქტომბერს Telegram-ის არხის გამოყენებით მოუწოდა დაღესტნელებს "არასასურველი მგზავრების" დახვედრისკენ. პონომარიოვმა 30 ოქტომბერს თქვა, რომ ადრე ამ ჯგუფის დაფინანსების მიუხედავად, მას ახლა ჯგუფთან არანაირი კავშირი აღარ აქვს და მათ აღარ აფინანსებს. 

29 ოქტომბრის რეიდის შედეგად სულ 20 ადამიანი დაშავდა. რუსული პოლიციის ცნობით, მათ 60-მდე ადამიანი დააკავეს. 

29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში თელ-ავივიდან ჩამოსულ რეისს ასობით ადამიანისგან შემდგარი ანტისემიტურად განწყობილი ბრბო დახვდა. დემონსტრანტები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ებრაელებს ეძებდნენ. როგორც მომსწრეები ამბობენ, ისინი ყველა შენობაში შედიოდნენ. მათ ასაფრენ ბილიკზე შეღწევაც შეძლეს და თელ-ავივიდან ჩამოფრენილ თვითმფრინავში შეღწევას ცდილობდნენ. როსავიაციაში გამოაცხადეს, რომ აეროპორტი სიტუაციის ნორმალიზაციამდე დაიხურებოდა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანდა, როგორ სთავაზობდნენ აეროპორტის თანამშრომლები ბრბოს, რომ თვითმფრინავში შეიყვანდნენ და დაარწმუნებდნენ, რომ ბორტზე ებრაელები არ იმყოფებოდნენ. ისრაელიდან მგზავრების ჩასვლის წინააღმდეგ აქციის გამართვის მოწოდებები 29 ოქტომბრის დილიდან დაიწყო. 

კომენტარები