თბილისის კონსერვატორია

კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს

თბილისის კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი შავერზაშვილი აირჩიეს. არჩევნები დღეს, 30 ოქტომბერს ჩატარდა და მასში ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ასოცირებული პროფესორი მაია (მაკა) ვირსალაძე და პროფესორი გიორგი შავერზაშვილი.

"კანდიდატებმა წარადგინეს სამოქმედო გეგმები და პროგრამები. ხმას აძლევდა აკადემიური საბჭოს ექვსი წევრი ფარული კენჭისყრით. ხმათა უმრავლესობით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნა ბატონი გიორგი შავერზაშვილი. ამ პოზიციაზე არჩეული კანდიდატი იმუშავებს მაქსიმუმ ექვსი თვე.

ვულოცავთ ბატონ გიორგის ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე არჩევას, ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას" - აცხადებს თბილისის კონსერვატორია.

როგორც გიორგი შავერზაშვილის სამოქმედო გეგმაში წერია, ის მიზნად ისახავს, კანონით განსაზღვრულ ვადაში შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ წარმატებით ჩაატაროს რექტორის არჩევნები.

"საჭიროდ მიმაჩნია მეტი ურთიერთობა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის უმთავრეს მაკონტროლებელ ორგანოსთან. ცხადია, კონსერვატორიის წარმატებული საქმიანობისთვის ხელშეწყობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე აგებული კოლეგიალური შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნით, რაც ჩემთვის შემოქმედებითი მუშაობისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა" - ვკითხულობთ  რექტორის მოვალეობის შემსრულებლის გეგმაში.

კონსერვატორიის რექტორს, ნანა შარიქაძეს უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა 21 ოქტომბერს ამოეწურა. სწორედ იმ დღიდან გახდა შესაძლებელი რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის არჩევა.


ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები 2023 წლის 10 ოქტომბერს იყო დანიშნული. თუმცა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ კულტურის მინისტრის ბრძანების "დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე"  რექტორის არჩევნების პროცედურა შეწყვიტა. კერძოდ, თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 28 ივლისის დადგენილება, რომელიც რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადებას, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებას და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცებას ითვალისწინებდა. თეა წულუკიანის 25 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

20 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ თბილისის კონსერვატორიაში რეფორმაა გასატარებელი. მისი თქმით, კონსერვატორია "უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ახერხებს". წულუკიანის შეფასებითვე, ეს არის არა აკადემიური პერსონალის, არამედ ხელმძღვანელობის "ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი". კულტურის მინისტრი ამბობს, რომ "როცა ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო". წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდა. 

მეორე დღეს კულტურის მინისტრის ამ განცხადებას კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ხარვეზი სისტემაშია, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება.

"სულ მაინტერესებდა რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?" - წერდა ნანა შარიქაძე.

კომენტარები