ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის ბაბუა: თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის თქმით, სურს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

"როგორც პროცესი მიდის და როგორი დავალებაც ზემოდან მოდის, პირდაპირ პარლამენტის თავმჯდომარისგან, ყველანაირად აზრი მიჩნდება, რომ ლაზარე "შეკვეთილია". თუ განაჩენი დადგება, მინდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალოს" - ამბობს გია კალანდაძე.

პროკურორის ინფორმაციით, პროცესზე მოწმის სახით გამოიკითხება საქმის გამომძიებელი. პროკურორის თქმითვე, სასამართლო პროცესზე წარმოადგენენ ვიდეოჩანაწერებს.

"მოწმე ამ შემთხვევაში არის გამომძიებელი, რომელმაც ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება... ვიდეოჩანაწერები, რაც სასამართლო პროცესზე იქნეა წარმოდგენილი, მოცულობითია. ვიდეოჩანაწერებში ჩანს ზოგადად არეულობის ფაქტი, სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებებია ვიდეოჩანაწერში აღწერილი, მათ შორის ავტომობილზე ცეცხლის წაკიდების ფაქტი, ასევე პოლიციის თანამშრომლების მიმართ მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი" - ამბობს პროკურორი.


25 სექტემბერს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი გრძელდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე. 

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები