სანქცირებული მოსამართლეები

სანქცირებულმა მოსამართლემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, უცხოეთიდან 68.8 ათასი დოლარი საჩუქრად მიიღო

აშშ-ს მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, მიხეილ ჩინჩალაძემ უცხოეთიდან 68.8 აშშ დოლარის ოდენობის სასაჩუქრე გზავნილი მიიღო. ინფორმაციას IDFI-ი ავრცელებს. 

კვლევის ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტმა მოსამართლეების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებული ინფორმაცია მიმოიხილა. საუბარია 49 მოსამართლეზე, რომლებმაც უცხოეთიდან ჯამში 5 მილიონის ოდენობის  გზავნილები საჩუქრის სახით მიიღეს. მათ შორის სანქცირებული მოსამართლე, მიხეილ ჩინჩალაძეცაა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო სანქცირებულ მიხეილ ჩინჩალაძეს, მის მეუღლეს და შვილს, 2020-2022 წლებში ჩინჩალაძის სიდედრმა უცხოეთიდან სასაჩუქრე გზავნილის სახით, 68.8 ათასი აშშ დოლარი და 2.3 ათასი ლარი გამოუგზავნა. 

გარდა ჩინჩალაძისა, მიმოხილულ მოსამართლეთა შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, ევა გოცირიძესაც ვხვდებით. გოცირიძემ ოჯახის წევრისგან ფულადი თანხა - 19.6 ათასი ევრო მიიღო.

“ერთეული შემთხვევის გარდა, მოსამართლეებზე საჩუქრები გაცემულია იმ პირთა წრისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება არ ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კითხვებს აჩენს საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების წარმომავლობა, რისი სრულფასოვანი შესწავლაც დამატებითი მოკვლევის ჩატარებას საჭიროებს”. - ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში. 

ავტორთა თქმით, განსაკუთრებულად მაღალი რისკის შემცველია აშშ-ს მიერ “მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“ სანქცირებული მოსამართლეების მიერ ოჯახის წევრებისგან მიღებული სოლიდური ფულადი საჩუქრები.

კომენტარები