სლოვაკეთი

სლოვაკეთის პრემიერმინისტრად ანტი–უკრაინულ პოზიციაზე მყოფი რობერტ ფიცო დაინიშნა

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
AP Photo/Petr David Josek

სლოვაკეთის მემარცხენე ლიდერი რობერტ ფიცო ქვეყნის პრემიერმინისტრი უკვე მეოთხედ გახდა. რობერტ ფიცო და მის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ 25 ოქტომბერს დაამტკიცა.

რობერტ ფიცოს პარტიამ Smer - SD ცენტრისტულ მემარცხენე პარტია HLAS და ნაციონალისტური SNS პარტიებთან ერთად შექმნა კოალიცია.

ფიცო სლოვაკეთის პრემიერმინისტრობიდან 2018 წელს გადადგა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორუფციისა და ჟურნალისტის მკვლელობის გამო ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა.

რობერტ ფიცო 2023 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას გამოირჩეოდა პრორუსული და ამავდროულად NATO-ს, აშშ-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.

ფიცოს გამარჯვებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკა.


30 სექტემბერს სლოვაკეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერმინისტრის რობერტ ფიცოს პოპულისტურმა მემარცხენე პარტიამ Smer - SD ხმების 23% აიღო, ხოლო Progresivne Slovensko-მ - 17%.

კომენტარები