რუსეთი

ბირთვული გამოცდების ამკრძალავი შეთანხმების დატოვებას მხარი რუსეთის ზედა პალატამაც დაუჭირა

РС-28 სარმატის ტიპის რაკეტა წითელ მოედანზე

რუსეთის სახელმწიფო დუმის შემდეგ ბირთვული იარაღის გამოცდის ამკრძალავი შეთანხმების დატოვებას მხარი რუსეთის ფედერაციულმა საბჭომაც დაუჭირა, 156 ხმით.

ფედერალური საბჭოს მტკიცებით, ახალი კანონი მათ "ბირთვული იარაღის კონტროლის სფეროში ვალდებულებების თანასწორობის აღსადგენად" მიიღეს. მიღებული დოკუმენტით, რუსეთს შეუძლია რატიფიცირებული შეთანხმება გააუქმოს, თუმცა, "ამავდროულად, დარჩეს ხელშეკრულების მონაწილე, ყველა გამომდინარე უფლებითა და ვალდებულებით".

ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი 187 სახელმწიფოს აქვს მოწერილი, მათგან 178 რატიფიცირებულია. რუსეთმა ხელშეკრულებას 1996 წელს მოაწერა, რატიფიცირება კი 2000 წელს მოხდა.

5 ოქტომბერს, კლუბ ვალდაის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოცდის ამკრძალავი შეთანხმების რატიფიკაციის უკან გაწვევაზე ისაუბრა. მომდევნო დღეს სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ პარლამენტის ქვედა პალატა რატიფიკაციის გაუქმებას განიხილავდა. შემდეგში დუმამ შეთანხმების დატოვებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები