ალტ-ინფო

ზურა მახარაძე "ანტი-მაიდანზე" გაკეთებული განცხადებებისთვის გამოკითხვაზე დაიბარეს

პუტინისტური ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრი ზურა მახარაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს "ანტი-მაიდანთან" დაკავშირებული ძალადობრივი მოწოდების გამო. გამოკითხვაზე შესვლამდე მახარაძემ თქვა, რომ "არ დაიწყოთ მაიდანი, ანუ ძალადობრივი დამხობა და არანაირი ანტიმაიდანი არ იქნება".

"თუ ოპოზიციას უნდა ნონ-სტოპ, ყოველ დღე ატაროს აქციები არ გვაინტერესებს. ეგ ჩვენი საქმე არ არის, სიტყვის და გამოხატვის, საჯარო დემონსტრაციების ფარგლებში ვინ რას იმოქმედებს, არ მაინტერესებს, ეგ ჩემი საქმე არ არის. ოცნებას ვინმე აქციებს უწყობს, არ მაინტერესებს.

ჩვენ ვთქვით, თუ დაიწყება სახელმწიფო გადატრიალება, ვხედავთ, რომ სახელმწიფო ჩამოიშალა, მერე ავდგებით და ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი არათუ უფლებას, ვალდებულებას გვაძლევს. 

არ დაიწყოთ მაიდანი, ანუ ძალადობრივი დამხობა და არანაირი ანტიმაიდანი არ იქნება. 

პირიქით, მათ [შსს-მ] უნდა მოგვაწოდონ აქეთ დამატებითი ინფორმაცია, რატომ არ არიან დაკავებული ის ხალხი, ვინც, მათივე თქმით, აქ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა" - თქვა ზურა მახარაძემ.

25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე  ძალადობრივმა ალტ-ინფომ  "ანტი-მაიდნის მოძრაობის" დაწყება დააანონსა. პუტინისტურმა ჯგუფმა მოწოდება გაავრცელა საქართველოში გადატრიალების მოწყობის მცდელობის საწინააღმდეგოდ "თანამოაზრეთა ძალების" მობილიზაციაზე. 

კომენტარები