დაახლოებით 150-მა ჰარედიმმა ებრაელმა ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. ისინი თელ ჰაშმერის გამწვევ პუნქტში გამოცხადდნენ, რაც ისრაელის უპრეცენდენტო სამხედრო მობილიზაციაზე მიანიშნებს. ისრაელის თავდაცვის ძალები უკანასკნელ დღეებში რეზერვში გასაწევრიანებლად მოხალისეებს იღებს.
ჰარედიმები ულტრა-ორთოდოქსი ებრაელები არიან, რომლებიც ტრადიციულად გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურის ვალდებულებისგან. ჰარედიმები სწავლობენ თორას და იუდაიზმის ტრადიციების მცველებად მიიჩნევიან. ისრაელის გამოცემის Walla-ს ცნობით, მოხალისეთა დიდი ნაწილი 26-დან 39 წლამდე ორთოდოქსი ებრაელია.
21 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაახლოებით 2000-მა ჰარედიმმა გამოთქვა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის სურვილი.





