ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი თელ-ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

იტალიის პრემიერის, ჯორჯია მელონისა და ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა თელ-ავივში, 2023 წლის 21 ოქტომბერი
Avi Ohayon/GPO

ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისის ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში იტალიის პრემიერთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრა გამართა.

ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, კოლეგების პირისპირ საუბრის შემდეგ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გაფართოებული მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

მანამდე, 21 ოქტომბერსვე ჯორჯია მელონი ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო სამშვიდობო სამიტზე სიტყვით გამოვიდა. იტალიის პრემიერმა თქვა, რომ კონფლიქტის მოგვარების ეფექტური გზა ორი სახელმწიფოს დაფუძნება იქნება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჰამასის "ხაფანგში" არ უნდა გაებას.

"ჩვენი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს: ის, რაც ღაზაში ხდება არ უნდა იქცეს უფრო ფართო კონფლიქტად, რელიგიურ ომად, ცივილიზაციების ჯახად. მაქვს შთაბეჭდილება, რომ ჰამასის რეალური მიზანი ეს იყო. თავდასხმა არა პალესტინელი ხალხის უფლებების დასაცავად, არამედ თავდასხმა, რომელიც შექმნიდა გადაულახავ უფსკრულს პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი სამიზნეები ვართ და ჩვენ არ შეგვიძლია ამ ხაფანგში გაბმა, ეს დიდი სისულელე იქნებოდა". - თქვა მელონიმ.

თელ-ავივში გამგზავრებამდე მელონი კაიროში შეხვდა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, ვისთანაც ისრაელი-ჰამასის ომის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები