იტალია

იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი სექსისტური კომენტარების გამო პარტნიორს დაშორდა

ანდრეა ჯამბრუნო და ჯორჯია მელონი
Independent Photo Agency Srl/Alamy Stock Photo

იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი დაშორდა პარტნიორს, ჟურნალისტ ანდრეა ჯამბრუნოს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ტელევიზიით გავრცელებული სექსისტური კომენტარების გამო კრიტიკის სამიზნე გახდა.

"ანდრეა ჯამბრუნოსთან ჩემი ურთიერთობა, რომელიც თითქმის 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა, აქ მთავრდება. ჩვენი გზები გარკვეული პერიოდია ერთმანეთს დაშორდა და დროა, ეს ვაღიაროთ". - დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეები მის საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის.

აქამდე მელონიმ თავისი პარტნიორის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს უპასუხა, რომ თავად ის ჯამბრუნოს ქმედებების გამო არ უნდა განსაჯონ.

იტალიის პრემიერის უკვე ყოფილი პარტნიორი სილვიო ბერლუსკონის მემკვიდრეების საკუთრებაში არსებული მედია ჯგუფის, MFE-ის სატელევიზიო არხ Mediaset-ზე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად მუშაობს.

მიმდინარე კვირაში Mediaset-ის ახალი ამბების სატირულ შოუში ჯამბრუნოს გადაცემიდან ეთერს მიღმა ჩაწერილი კადრები გაუშვეს, სადაც ჟურნალისტი თავის საზარდულს ეხება და კოლეგა ქალთან რომანტიკული საუბრის გაბმას ცდილობს.

"აქამდე რატომ არ შეგხვდი?" - ეკითხება ჯამბრუნო ქალს.

მოგვიანებით გავრცელებულ მეორე ჩანაწერში ჟურნალისტი თავის რომანზე საუბრობს და ქალ კოლეგებს ეუბნება, რომ ჯგუფურ სექსში მონაწილეობის შემთხვევაში, მასთან მუშაობა შეეძლებათ.

46 წლის მელონი და 42 წლის ჯამბრუნო ერთმანეთს 2014 წელს, სატელევიზიო გადაცემაში შეხვდნენ. მათ 7 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ მელონის მემარჯვენე კოალიციის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი სწორედ "ტრადიციული ოჯახური ღირებულებების" დაცვაა.

კომენტარები