ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პენტაგონი ისრაელს უკრაინისთვის განკუთვნილ ჭურვებს გადასცემს – AXIOS

Soltam M-71, ისრაელის 155 მმ-იანი ჰაუბიცა
Ido Stern

Axios-ი სამ ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი გეგმავს, ისრაელს გადასცეს ათობით ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, რომელიც თავდაპირველად უკრაინისთვის იყო განკუთვნილი.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ჭურვები ინახებოდა აშშ-ის საგანგებო საცავებში, რომლებიც ისრაელშია განთავსებული. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, იარაღის საცავებზე წვდომა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო პერსონალს აქვს, თუმცა საგანგებო მდგომარეობაში ისრაელს შეუძლია აშშ-ის თანხმობით მარაგებიდან საბრძოლო მასალა გამოიყენოს.

2023 წლის დასაწყისში აშშ-მა ისრაელში განთავსებული საგანგებო მარაგებიდან საბრძოლო მასალის გამოტანა დაიწყო, რათა უკრაინისთვის გაეგზავნა, მაგრამ ჰამასის თავდასხმის ფონზე, ისრაელმა აშშ-ს დამატებითი აღჭურვილობა სთხოვა.

როგორც Axios-ი წერს, ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) ღაზაში სრულმასშტაბიანი სახმელეთო შეჭრის მოსამზადებლად დამატებითი საარტილერიო ჭურვები სასწრაფოდ ესაჭიროება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სავარაუდოდ, ჰეზბოლა სამხრეთ ლიბანიდან ისრაელთან დაპირისპირების ესკალაციას შეეცდება.

ამასთან, 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ქვეყანას კონფლიქტის ამ ეტაპზეც არტილერიის გამოყენება, როგორც ღაზაში, ისევე ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში, საგრძნობლად უფრო ხშირად უწევს. 

Axios-ი ასევე წერს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, საარტილერიო ჭურვების ისრაელისთვის გადაცემა უკრაინას რუსეთთან ომში მნიშვნელოვნად არ დააზარალებს. 

აქამდე, აშშ-მა ისრაელს თავის მარაგებში საბრძოლო მასალაზე წვდომა 2006 და 2014 წლებში ღაზის კონფლიქტის დროს მისცა.

კომენტარები