ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

კომპანიები ჰამასის მხარდამჭერი ჰარვარდელების სიას ითხოვენ, რათა მომავალში არ დაასაქმონ

ჰარვარდის უნივერსიტეტის კამპუსი
Scott Eisen/Getty Images

ღაზის სექტორიდან ისრაელზე 7 ოქტომბერს დაწყებული მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა ისტორიაში შევიდა, როგორც ებრაელებისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ ყველაზე სისხლიანი დღე. 

იმავე დღეს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმას ჰარვარდის 33 სტუდენტური ჯგუფისგან შემდგარ კოალიციაში გამოეხმაურნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სტუდენტები ჰამასის თავდასხმაზე სრულ პასუხისმგებლობას ისრაელის "აპართეიდულ რეჟიმს" აკისრებდნენ. მათი თქმით, უკვე "75 წელია ისრაელის ძალადობა პალესტინელთა არსებობას" განსაზღვრავს. სტუდენტებმა ჰამასის თავდასხმაზე ისრაელის მოსალოდნელ პასუხს "კოლონიალური სამაგიეროს გადახდა" დაარქვეს და ჰარვარდის საზოგადოებას მოუწოდებენ გადადგას ნაბიჯები, რათა "პალესტინელების მიმდინარე განადგურება შეწყდეს".

სტუდენტების მიერ გავრცელებული წერილის ბოლოს ეწერა, რომ დოკუმენტის "ხელმომწერი ორგანიზაციები ამ დროისთვის დაფარული" იყო, ამის გამო, მილიარდერმა ბილ აკმანმა და სხვა კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა ჰარვარდის უნივერსიტეტს სტუდენტთა სახელების გასაჯაროება მოსთხოვეს.

როგორც ბიზნესმენები აღნიშნავდნენ, მათ აერთიანებდათ სურვილი, ჰქონოდათ ინფორმაცია იმ სტუდენტების შესახებ, რომლებმაც ტერორისტული ორგანიზაციის დაგმობის ნაცვლად, ტერორიზმის მსხვერპლ სახელმწიფოს დასდეს ბრალი. 

Dovehill Capital Management-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეიკ ვურზაკის თქმით, კომპანიებმა უნდა იცოდნენ იმ სტუდენტების სახელები, რომლებმაც 7 ოქტომბრის თავდასხმაში ისრაელს დასდეს ბრალი.

სახელების გასაჯაროების მიზანი მათი შავ სიაში შეტანა იყო, რათა კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს “ჰამასის მხარდამჭერი ადამიანები შემთხვევით არ დაესაქმებინათ”. 

"მე მინდა ვიცოდე, რათა არასოდეს დავიქირაო ეს ადამიანები," თქვა Sweetgreen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან ნემანმა.

სტუდენტების წერილს "უპატიებელი" უწოდა მილიარდერმა კენ გრიფინმა, რომელსაც აივი ლიგის სკოლებში $500 მილიონი რაოდენობის შემოწირულება აქვს გადარიცხული. გრიფინის თქმით, იგი სტუდენტური ჯგუფების ხელმძღვანელებს შავ სიაში შეიყვანდა - "ეს ლიდერები ასი წლის წინ ზრდასრულებად მიიჩნეოდნენ, ამიტომ მათი გადაწყვეტილება, საკუთარი სახელი ამ წერილზე მიებათ უპატიებელია". 

სტუდენტების განცხადებაზე მკვეთრად უარყოფით რეაქციას სტუდენტების ნაბიჯის გამმართლებლების არგუმენტებიც მოჰყვა. CNN-თან ინტერვიუში ლორენს ტრაიბის თქმით, სტუდენტებმა ან ზუსტად არ იცოდნენ რას აწერდნენ ხელს, ან მათ ნაცვლად ხელმოწერის გადაწყვეტილება ორგანიზაციების ლიდერებმა მიიღეს. 

ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც ჰარვარდის პრეზიდენტმა, კლოდინ გეიმ გააჟღერა, სიტყვის თავისუფლებას ეხებოდა. მისი თქმით, სტუდენტების სახელების გასაჯაროებას არ ემხრობა, რადგან ჰარვარდს "გამოხატვის თავისუფლების წინაშე საკუთარი მოვალეობის ღრმად სწამს". 

ბილ აკმანმა ჰარვარდის პრეზიდენტს უპასუხა: "თუკი ბიზნესს მართავ, დაიქირავებდი ისეთ ადამიანს, რომელმაც ტერორისტების მიერ ჩადენილი საშინელი ძალადობრივი აქტი მსხვერპლს დააბრალა?"

აკმანის თქმით, ადამიანს არ უნდა შეეძლოს კორპორაციის ფარს ამოეფაროს, მაშინ, როდესაც იგი ტერორისტების ქმედებებს უჭერს მხარს.

სტუდენტების განცხადებით გამოწვეული უარყოფითი რეაქციის ფონზე, ჰარვარდის პრეზიდენტმა ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ "არცერთ სტუდენტურ ჯგუფს აქვს უფლება, ჰარვარდის ან მისი ხელმძღვანელობის სახელით ილაპარაკოს". თავდაპირველი წერილის ხელმომწერი ჯგუფებიდან კი, სულ მცირე, 5-მა ხელმოწერა უკან წაიღო.

10 ოქტომბრისთვის, ჰარვარდის 17-მა სტუდენტურმა ჯგუფმა, 500 პროფესორ-მასწავლებლისა და 3000 სხვა პირის ხელმოწერით, გაავრცელა საპირისპირო შინაარსის განცხადება, რომელშიც თავდაპირველი ჯგუფის წერილი დახასიათებულია, როგორც "სავსებით არასწორი და ღრმად შეურაცხმყოფელი".

კომენტარები