ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლიბანის არმიამ სამხრეთში ოპერაცია ჩაატარა, რაკეტების გამშვები 20 დანადგარი აღმოაჩინა

ლიბანელი სამხედროები ისრაელის საზღვრის მახლობლად, 2023 წლის 15 ოქტომბერი
AP Photo/Bilal Hussein

ლიბანის არმია ავრცელებს ცნობას, რომ მათმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში ჩაატარეს სამძებრო ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც რაკეტების გამშვები 20 დანადგარი აღმოაჩინეს.

როგორც ლიბანის არმიის განცხადებაშია ნათქვამი, სამხედროების დანაყოფმა აღმოაჩინა რაკეტების გამშვები 20 დანადგარი, აქედან 4 ერთეულში მოთავსებული იყო რაკეტები და მზად იყო გასასროლად. როგორც სამხედრო უწყებაში ამბობენ, დანადგარები ქალილასა და ალ-შაიათის დასახლებების მახლობლად აღმოაჩინეს. სამხედროებმა რაკეტების გამშვებები დაშალეს.

გასულ დღეებში ლიბანის სამხრეთიდან, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა აკონტროლებს, ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ათეული რაკეტა ისროლეს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები