არესტოვიჩი: უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კატასტროფისკენ მივყავართ

ოლექსი არესტოვიჩი
Point.md

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა საკუთარ Telegram არხზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება გააკრიტიკა. პოსტების სერიას არესტოვიჩმა არაკომპეტენტურობის მონოპოლია უწოდა.

"ჩვენს კონტრიერიშზე მაღალ მოლოდინებს გათვლებზე დაყრდნობით ვამყარებდი. მაშინ ციფრები წარმატებას გვპირდებოდა. მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვანი შეცდომები დავუშვით". – წერს არესტოვიჩი.

პრეზიდენტის მრჩეველის აზრით ბრძოლის ველზე უკრაინამ ორი მთავარი შეცდომა დაუშვა – ბახმუტის აღება და მსხვილი თავდაცვითი ნაგებობის აშენებაზე უარის თქმა. არესტოვიჩის აზრით ბახმუტის ასაღებად დიდი რესურსი დაიხარჯა, რომელიც რეალურად სამხრეთის ფრონტზე უნდა მიმართულიყო, ხოლო თავდაცვითი ნაგებობები შეამცირებდა დანაკარგს და სამხედრო მდგრადობას გაზრდიდა.

"ახლა ჩვენ ჩიხში ვართ". – აგრძელებს არესტოვიჩი. – "რუსეთი ვერ მოგვიგებს, მაგრამ ჩვენც ვერ გავიმარჯვებთ. სიტუაცია ჩიხში შევიდა. [...] ომის გასაგრძელებლად ორივე მხარეს სჭირდება სამხედრო ძალის გაზრდა. რუსეთმა გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი, ასევე თანამშრომლობს ჩრდილოეთ კორეასთან/ჩინეთთან. ჩვენი მთავრობა ახშობს ბიზნესს, სამოქალაქო თავისუფლებებს და პოლიტიკურ ოპონენტებს. ეჩხუბება მეზობლებსა და ძირითად პარტნიორებს, ახალისებს კორუფციას. რა თქმა უნდა ცდილობს, რომ გამართოს საკუთარი წარმოება, რიგი პრობლემები გადაჭრას საერთაშორისო ფინანსური დახმარების ხარჯზე, მაგრამ რუსეთს ჩვენგან განსხვავებით გააჩნია რეალური სუვერენიტეტი".

ზელენსკის ყოფილი მრჩეველის აზრით ერთადერთი გამოსავალი 2024 წლის არჩევნებია:

"მათ(მთავრობას) არ სურთ სიმართლე უთხრან ხალხს, ატყუებენ თითქოს ყირიმს მალე დაიბრუნებენ. ახლო მომავალში ეს შეუძლებელია, იქნება მხოლოდ თავდაცვა, სისხლი, ოფლი და ცრემლი. სწორედ ამიტომ ჩვენი პარტნიორები ითხოვენ არჩევნებს. იმიტომ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამოწურა საკუთარი კომპეტენცია, სიტუაცია ჩიხში მოაქცია და აგრძელებს არასწორ პოლიტიკას. მას კატასტროფისკენ მივყავართ. მეც ამიტომ ვითხოვ არჩევნებს". 


ცოტა ხნის წინ უკრაინის პოლიციამ ოლექსი არესტოვიჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადის დეპუტატმა ინა სოვსუნმა გაავრცელა.

28 სექტემბერს ინა სოვსუნმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს საჩივრით, რომ არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ძალადობისა და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის კულტის გავრცელებას. სასჯელი თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთაა.

ამ ეტაპზე ზუსტად უცნობია გაიმართება თუ არა უკრაინაში 2024 წლის არჩევნები. ზელენსკის თქმით ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელსაც ომში მყოფი უკრაინა ვერ გაიღებს.

 

კომენტარები