ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის მოთხოვნის საფუძველზე, Binance-მა ჰამასის წევრების კრიპტო ანგარიშები გაყინა

ისრაელმა, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის კრიპტო ანგარიშები გაყინა. ისრაელის პოლიციის განცხადებით, აღნიშნულ ანგარიშებს ჰამასის დაჯგუფება სოციალური მედიის გავლით დაფინანსების მოსაზიდად იყენებდა.

გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ისრაელის კიბერუსაფრთხოების სამსახურმა, Lahav 433-მა ისრაელის ფინანსურ კონტრტერორისტულ ბიუროს (NBCTF), თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სადაზვერვო სამსახურების ჩართულობით, მიაკვლიეს იმ საშუალებებს, რომლითაც ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი დაფინანსებას იღებდა.

"ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდგომ, ტერორისტულმა ორგანიზაციამ სხვადასხვა სოციალური მედიის გავლით მოუწოდა მხარდამჭერებს, შემოწირულობის სახით კრიპტო ვალუტა გადაერიცხათ მათთვის". – აღნიშავს ისრაელის პოლიცია განცხადებაში.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისრაელის კიბერუსაფრთხოების სამსახურმა და ფინანსურმა კონტრტერორისტულმა ბიურომ აღნიშნულ ანგარიშებს მიაკვლიეს. კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, კრიპტო ვალუტის სავაჭრო ბირჟა Binance-მა აღნიშნული აგარიშები გაყინა. გაყინული აქტივები ისრაელის სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ ქიფურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები