ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელში უნივერსიტეტებმა სასწავლო წლის დაწყება 5 ნოემბრამდე გადადეს

ისრაელიდან ღაზის სექტორის დაბომბვა
Mohammed Saber/EPA-EFE

ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, ისრაელის უმაღლესი სასწავლებლები 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას 5 ნოემბრამდე გადადებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ავრცელებს.  

ამასთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელთა საბჭო ადასტურებს გადაწყვეტილებას. როგორც მათ The Times of Israel-ს უთხრეს, ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მიმდინარე წელს შემოდგომის სემესტრი 15 ოქტომბერს, ებრაული დღესასწაულებიდან ერთი კვირის შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

გასულ კვირას ღაზის სექტორიდან ჰამასის თავდასხმის ფონზე ისრაელში სტუდენტები, ლექტორები და უნივერსიტეტების სხვა პერსონალი სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად გამოიძახეს.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები