ისრაელის ენერგიის მინისტრის ისრაელ კაცის თქმით, ღაზის სექტორს ისრაელი ელექტროენერგიის, საწვავისა და წყლის მომარაგებას იმ შემთხვევაში აღუდგენს, თუკი ჰამასი მძევლებს გაათავისუფლებს.
"ჰუმანიტარული დახმარება ღაზისთვის? არცერთი ელექტრო ჩამრთველი ჩაირთვება, არცერთი წყალგამყოფი ონკანი გაიხსნება და ვერცერთი საწვავის სატვირთო შევა ღაზის სექტორში. ჰუმანურობა ჰუმანურობის სანაცვლოდ. მორალს ნურავინ წაგვიკითხავს". - თქვა ისრაელ კაციმ.
ღაზის სექტორს ისრაელის მხრიდან წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება 9 ოქტომბრიდან შეუჩერდა.
11 ოქტომბრის ცნობით, ღაზის ელექტროსადგურს საწვავი უკვე გამოელია და მუშაობა შეაჩერა.
ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.
თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ ქიფურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.
ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.
საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.





