საქართველოს პროკურატურა

ე.წ მაკლერებს თანხის მოტყუებით დაუფლებაში ეხმარებოდნენ – დაკავებულია 2 ნოტარიუსი

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე პროკურატურამ სამი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ეხმარებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ.

"ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ.

ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით  სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ” - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ თაღლითური სქემის წევრები ნოტარიუსთა დახმარებით 94 დაზარალებულის კუთვნილ 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 “ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს კი სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილი აქვთ ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება” - აცხადებს პროკურატურა.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 36 დაზარალებულის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის ორი წევრი დამნაშავედ ცნო. ერთ მათგანს 8 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, როგორც ბინის მესაკუთრედ, მესაკუთრის მინდობილ პირად ან ბინის მეიჯარედ აცნობდნენ და მათთან მოტყუებით სესხის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ. 

აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში 1 002 755 ლარს" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, "თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს".

კომენტარები