ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

პაპმა ჰამასს მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

პაპი ფრანცისკე
AP

პაპმა ფრანცისკემ ჰამასს მოუწოდა ისრაელზე თავდასხმის დროს ტყვედ აყვანილი ყველა მძევალი გაათავისუფლოს.

"ტკივილითა და შიშით ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება ისრაელსა და პალესტინაში. ამდენი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვთხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

მათ, ვისაც თავს დაესხნენ, უფლება აქვთ, რომ თავი დაიცვან, მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ტოტალური ბლოკადა, რომელშიც ცხოვრობენ პალესტინელები ღაზაში, სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლია". - თქვა პაპმა. 

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები