ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით ჰეზბოლამ 15 რაკეტა გაუშვა

Times of Israel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან შეტაკებების დროს ირანის მარიონეტულმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით 15 რაკეტა გაუშვა და ტანკსაწინაღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი გამოიყენა. 

პასუხად ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას განკარგულებაში მყოფ სამ პუნქტზე საარტილერიო იერიში მიიტანეს.

ამავდროულად, ღაზის სექტორიდან ქალაქ აშკელონზე საჰაერო თავდასხმა მიმდინარეობს. თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

9 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მხოლოდ ღაზის სექტორის მეთაურებმა იცოდნენ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ირანი და ჰეზბოლა მათ მხარეს ომში ჩაერთვებოდნენ.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები