კარვების კანონი

პარლამენტთან ე.წ. კარვების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 2 პირი დააკავეს

პარლამენტთან, ე.წ. კარვების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

პარლამენტთან შეკრებილები მთელი დღის მანძილზე შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას აპროტესტებენ. 

პარლამენტმა აღნიშნული კანონმდებლობა დაჩქარებული წესით განიხილა და ცოტა ხნის წინ, მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება".

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მტკიცებით, კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას არ ზღუდავს.

"ეს არ არის თვითონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი კანონპროექტი. აქ ორიენტირი  კეთდება იმ დამხმარე საშუალებებზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს შესაძლოა გამოიყენონ  შეკრებისა და მანიფესტაციის წარმომადგენლებმა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ. 

18 სექტემბერსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის განცხადების მიხედვით, განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს "კარვების ქალაქის" მოწყობას, ცენტრალურ გამზირებთან, სტრატეგიულ ობიექტებსა და მთავრობის შენობებთან ბარიკადების აღმართვას. 

ამასთანავე, სუს-ის ინფორმაციით, იგეგმება "კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.

სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით, 27 სექტემბერს პარლამენტის წევრებმა, ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი ბერაიამ, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, მიზანი ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში დაგეგმილი არეულობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებაა. 

  • რას ითვალისწინებს "კარვების კანონი" ?

კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა.

კონსტრუქციის მოწყობა იკრძალება, თუ:

  1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; 
  2. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; 
  3. იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ასევე, თუ შეკრებისა ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის დროებითი კონსტრუქცია აუცილებელი არაა, მაშინ იკრძალება მისი მოწყობა საჯარო სივრცის დამახინჯების თავიდან ასარიდებლად.

  • რა მოხდება კანონდარღვევის შემთხვევაში?

კანონპროექტის თანახმად, თუ გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისკენ, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისკენ ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟისკენ, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ არ განახორციელა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, კანონდარღვევისთვის დაეკისრებათ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

 

კომენტარები