კარვების კანონი

გოცირიძე "კარვების კანონზე": არ შეიძლებოდა ეს კანონპროექტი წარმოგედგინათ 15 დეკემბერს?

პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ ქართულ ოცნებას ურჩია, "კარვების კანონის" მსგავსი, მისივე თქმით, პრორუსული კანონპროექტები მხოლოდ მას შემდეგ დააინიციროს, რაც ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

"რაც შეეხება ამ კანონს, რომელიც ეხლა გამოგაქვთ, რატომ გამოგაქვთ დღეს? არ შეიძლებოდა, რომ ეს კანონპროექტი წარმოგედგინათ 15 დეკემბერს? ხომ იცით, რომ ყველაფერი წყდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე. თუ არ ვცდები, ევროკომისიის სხდომა დანიშნულია 12-ში.

ხომ იცით, რომ ოქტომბერში ხდება საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასება? რატომ წამოიწყეთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი დღეს, ოქტომბერს? რატომ დაამთხვიეთ ის ამ დღეებს, როდესაც უკვე ოფიციალური დოკუმენტი იქნება განსახილველად წარდგენილი?..

რატომ ამთხვევთ ყველა მავნებლობას ყველა პრორუსულ ქმედებას და პრორუსული კანონების ინიცირებას მაინცდამაინც მაშინ, როდესაც წყდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი?" - თქვა გოცირიძემ "კარვების კანონის" განსახილველ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, თუ ქართული ოცნება დეკემბრამდე "არაფერს გააკეთებს".

"ბოლოს და ბოლოს თუ გაქვთ ეს სეზონური გართულებები და გამწვავებები ხან საგაზაფხულო და ხან საშემოდგომო, ადექით, და გადაიტანეთ იქით, 2024-ში. ეს მთელი თქვენი მავნებლობები იქით გადაიტანეთ. ერთი თვის განმავლობაში გაჩერდით, ხმა არ ამოიღოთ და არაფერი გააკეთოთ და მოგვცემენ ამ სტატუსს". - თქვა გოცირიძემ.


27 სექტემბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, მიზანი ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში დაგეგმილი არეულობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებაა.

კომენტარები