სომხეთი-რუსეთი

პესკოვი: არ იქნება სასურველი, პუტინს ოდესმე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა მოუწიოს

სომხეთის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) რომის სტატუტის რატიფიცირებას კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. გადაწყვეტილებას მან "არაკორექტული" უწოდა და თქვა, რომ ერევნის მიმართ კითხვის ნიშნები გაჩნდა. 

"არ იქნება სასურველი, პუტინს ოდესმე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა მოუწიოს". – აღნიშნა პესკოვმა.

"სომხეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ დამატებითი კითხვები გაჩნდა. ისინი წინასწარ იყო გადაცემული სომხური მხარისთვის. ჩვენ დასაწყისიდანვე ეჭვი გვეპარება და გვეპარებოდა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გადმოსახედიდან სომხეთის მიერ საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტისთვის შეერთება კორექტულია. ძველებურად ვთვლით, რომ ეს არაკორექტული გადაწყვეტილებაა". – თქვა პესკოვმა.

პესკოვმა ისაუბრა სომხეთისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მნიშვნელობაზეც. მისი მტკიცებით, ერევანს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.

"ვფიქრობ, სომხეთში უმრავლესობას ესმის, რომ ОДКБ-სა და სომხურ-რუსული პარტნიორობის ინსტრუმენტები ამამად აბსოლუტურად ჩაუნაცვლებელია. დიახ, სომხურ მხარეს შესაძლოა ჰქონდეს საკუთარი კრიტიკა, შეიძლება ჰქონდეთ თემები დებატებისთვის, განხილვისთვის, მაგრამ ამ მექანიზმებზე უკეთესი სომხურ მხარეს არაფერი გააჩნია და ამაში დარწმუნებული ვართ". – თქვა პესკოვმა.

ამას გარდა, პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთს "გული შესტკივა" ყარაბაღელ სომხებზე და მათთვის ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის.

სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი გაეგზავნება სომხეთის პრეზიდენტს და მისი ხელმოწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ძალაში შევა. 

რომის სტატუტი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წესდება. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი. მას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაცია ედება ბრალად. შესაბამისად პუტინი 120 ქვეყანაში ძებნილი გახდა.

სექტემბრის დასაწყისში სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, დაადასტურა, რომ ერევანი რომის სტატუტს მიიღებდა.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობდნენ, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის მიღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გაართულებდა.

რომის სტატუტზე ხელი მოწერილი აქვს 137 ქვეყანას, აქედან რატიფიცირებულია მხოლოდ 120 სახელმწიფოში. საქართველო ხელშეკრულებას 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა.

კომენტარები