რუსეთი

თავისი შვილის მიერ პატიმრის ცემის ვიდეოს გამოქვეყნებიდან 3 დღეში, კადიროვი პუტინს შეხვდა

პუტინის და კადიროვის შეხვედრა მოსკოვში, 2023 წლის 28 სექტემბერი
Sputnik/Mikhail Metzel/Pool via REUTERS

ყურანის დაწვისთვის დაკავებულ 19 წლის ნიკიტა ჟურავიელზე ძალადობის ამსახველი ვიდეოს გავრცელებიდან 3 დღეში, 28 სექტემბერს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

კადიროვმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა, თუმცა არ უთქვამს, ესაუბრა თუ არა პუტინს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან რეგიონის "სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა" და უკრაინის ომში ჩეჩნური შეიარაღებული ნაწილების მონაწილეობა განიხილა. კადიროვის თქმითვე, პუტინმა ყურადღება გაამახვილა ჩეჩნური ძალების წარმატებებზე და "დაკისრებული ამოცანების შესრულებაში მათ გადამწყვეტ პოზიციაზე".

ამასთან, ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, პუტინმა მოსკოვის გარეუბანში, იუჟნოე ბუტოვოს რაიონში, რამზან კადიროვის მამის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის სახელობის ქუჩაზე მეჩეთის აშენების იდეა მოიწონა.

25 სექტემბერს რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმეზე ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს.

კომენტარები