ეროვნული ბანკი

პრემიერი: არაფერი სანერვიულო არ გვაქვს, არც საბანკო სისტემაზე, არც IMF-ის პროგრამაზე

ირაკლი ღარიბაშვილი

"არაფერი სანერვიულო არ გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად, არც საფინანსო ინსტიტუტებს" - ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის საგამონაკლისო ბრძანების შესახებ დასმულ კითხვაზე და აღნიშნავს, რომ "ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე კომერციულ ბანკებთან".

"გვაქვს ერთერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი და ეს თვითონ ამერიკელმა, ევროპელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა აღნიშნეს - თქვეს, რომ სამაგალითოი სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას, ეფექტური სისტემა, სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, არცერთი ფაქტი, მაშინ როცა თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტია ავრცელებდა დეზინფორმაციას მთელ მსოფლიოში, სააკაშვილის დედა აფინანსებდა კამპანიას, მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო" - თქვა პრემიერმა.

რაც შეეხება სავალუტო ფონდის პროგრამას, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, აქაც "არაფერი სანერვიულო არ არის" და საქართველოს მთავრობას IMF-სთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

"ეს უბრალოდ შეჩერებულია, პროცესი ასეთი იყო, რომ როცა კანონი შევცვალეთ და [ეროვნული ბანკის] ვიცეპრეზიდენტის სტატუსი შემოვიღეთ, მაშინ შეჩერდა, ახლაც თქვეს, რომ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია, ვფიქრობ, ძალიან მალე მოგვარდება ეს საკითხი" - ამბობს პრემიერმინისტრი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერილი პროგრამა, რომელზეც 2022 წლის აპრილში საქართველოს ხელისუფლება ფონდთან შეთანხმდა, ამჟამად გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის სესხის სახით $289 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებდა. 

კომენტარები