აზია

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული პროგრამის გასაძლიერებლად საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული შესაძლებლობების გასაძლიერებლად საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორდღიანი შეხვედრის შემდეგ უმაღლესმა სახალხო ასამბლეამ ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო შესწორება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარებას შეუქცევად პროცესად აქცევს. კონსტიტუციის ტექსტის მიხედვით, მიზეზი ქვეყნის "არსებობის უფლების" უზრუნველყოფა და "ომის თავიდან არიდებაა". 

"კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) ბირთვული იარაღის შექმნის პოლიტიკა მუდმივი გახდა. მისი უგულებელყოფის უფლება არავის ექნება". - თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კიმ ჩენ ინმა აშშ-ს, სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის სამხედრო წვრთნები მოიხსენია, როგორც "უდედესი საფრთხე" და ხაზი გაუსვა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის საჭიროებას.

ერთი წლის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ბირთვულ სტატუსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და საკუთარი თავი "ბირთვულ სახელმწიფოდ" ოფიციალურად გამოაცხადა. ამასთან, ახალი კანონის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეას საკუთარი თავის დასაცავად წინმსწრები თავდასხმის უფლება ეძლევა.

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება 2003 წელს დატოვა და 2006-2017 წლებში ბირთვული იარაღი ექვსჯერ გამოსცადა, რის გამოც გაეროს უშიშროების საბჭომ მას მრავალმხრივი საერთაშორისო სანქციები დაუწესა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერების საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა 2003-2009 წლებში "ექვსი მხარის მოლაპარაკებების" ფორმატში – ჩრდილოეთ კორეის, სამხრეთ კორეის, აშშ-ს, ჩინეთის, იაპონიისა და რუსეთის ჩართულობით, ხოლო მეორე მოლაპარაკება შედგა 2017-2019 წლებში, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის, ჩინეთის არაფორმალური ჩართულობით. თუმცა, ორივე მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა. 

კომენტარები