რუსეთი

კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი შვილი ყურანის დაწვაში ბრალდებულს სცემს

ადამ და რამზან კადიროვები

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს. 

"არ მიყვარს უთქმელობა. ყოველთვის უმჯობესია საბოლოო წერტილის დასმა - მართალისა და ღირსეულის. ქსელებში ჯერ კიდევ დაობენ ადამ კადიროვის მიერ წმინდა ყურანის დამწველი ნიკიტა ჟურავიელის, უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველის ცემაზე. მოხდა ეს თუ არა? სცემა და სწორადაც მოიქცა". – წერს კადიროვი.

ყურანის შეურაცხმყოფლებს კადიროვმა უწოდა "ნაძირლები, რომლებსაც არ სურთ, რომ რუსეთში ყველამ გვერდიგვერდ, მშვიდად და ურთიერთგაგებით იცხოვროს".

"მსგავსი პროვოკატორები და მოღალატეები არიან სიმსივნეები სხეულზე, რომლებიც უნდა ამოიშანთოს". – დაწერა კადიროვმა და აღნიშნა, რომ საკუთარი შვილის საქციელით ამაყობს.

ნიკიტა ჟურავიელი 2023 წლის მაისში, ვოლგოგრადში დაიჭირეს. მას ბრალად ედება, რომ უკრაინის სპეცსამსახურებისგან 10 000 რუბლი მიიღო და სანაცვლოდ ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის წინ ყურანი დაწვა, რისი ვიდეო გადაიღო კიდეც. საგამოძიებო ორგანოები მას ბრალს სდებდნენ, რომ ჩანაწერი უკრაინულ სპეცსამსახურებს გადასცა. ვიდეო შემდეგში სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ჟურავიელი დაკავების შემდეგ ჩეჩნეთში მდებარე წინასწარ დაკავების იზოლატორში გაგზავნეს, რაც საგამოძიებო კომიტეტმა ამ რესპუბლიკის მაცხოვრებლების "მრავალი მიმართვის" შემდეგ გადაწყვიტა. სამართალდამცავი ორგანოს მტკიცებით, ჩეჩნები ითხოვდნენ, რომ ისინი დაზარალებულებად ეღიარებინათ.

16 აგვისტოს რუსეთში ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ თქვა, რომ ჟურავიელი ჩიოდა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ბრალდებული ამბობდა, რომ მას ფიზიკურად ადამ კადიროვი გაუსწორდა. ის ჩეჩნეთის ომბუდსმენს, მანსურ სოლტაევს შემოწმების ჩატარებას სთხოვდა.

მცირე ხნის შემდეგ, ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა, მაგომედ დაუდოვმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ადამ დელიმხანოვმა საჯაროდ დაუჭირეს მხარი ადამ კადიროვის ქმედებებს. მათ მომხდარი პირდაპირ არ დაუდასტურებიათ. თუმცა ეს ფაქტობრივად რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა გააკეთა.

დუდაევის თქმით, ადამ კადიროვი თან ახლდა მამამისს, როდესაც მათ გროზნოში წინასწარი დაკავების იზოლატორი მოინახულეს და აქ სცემა ვოლგოგრადელი, როდესაც მასთან პირისპირ დარჩა. მინისტრს არ განუმარტავს მომხდარის მიზეზი.

"გვესმის, ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში, არსებობს კანონი, კონსტიტუცია. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არსებობს რელიგიური გრძნობებიც, ტრადიციებიც, წეს-ჩვეულებებიც". - ამბობდა დუდაევი. მისი თქმით, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და მეზობელი რეგიონის მცხოვრებლები ადამ კადიროვის ქმედებებს მხარს უჭერდნენ.

მომხდარის შემდეგ, რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა. ევა მერკაჩევამ სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორს, არკადი გოსტიევს სთხოვა, რომ ჟურავიელი ჩეჩნეთიდან სახვა რეგიონში გადაეყვანათ. 25 სექტემბერს მერკაჩოვამ თქვა, რომ ადგენდა მოთხოვნას სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ ჟურაველის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

"ვფიქრობ, ახლა გაგვაჩნია დანაშაულის ვიდეომტკიცებულება. ეს ფაქტი სადავო არაა. ახლა უკვე არსებობს ვიდეო, ცხადია დანაშაულის ჩამდენის ვინაობა. ვთვლი, რომ გამოძიებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. ფაქტობრივად, ეს არის გამოწვევა რუსეთის მთელი სამართლებრივი სისტემისთვის. კონკრეტულ რეგიონში აჩვენეს, რომ შეუძლიათ დანაშაულის ჩადენა და ამისთვის მათ არავინ არაფერს მოსთხოვს". – ნათქვამი იყო მერკაჩევის კომენტარში, რომელიც ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.

კომენტარები