ოთარ ფარცხალაძე

სახდეპი: ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

ფორმულა ავრცელებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით პასუხს, რომელშიც ნათქვამია, რომ იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ოთარ ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს შეასრულებენ, თავს სანქციების საფრთხის წინაშე დააყენებენ.

ფორმულას მიერ გამოქვეყნებულ წერილში სახელმწიფო დეპარტამენტი გამოხატავს წუხილს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამას გარდა, აშშ-ს საგარეო უწყება საქართველოს საბანკო სისტემას ქვეყნის დემოკრატიულ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევას უწოდებს.

"14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქ ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა FSB-სთან, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. მის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა ნომერ-14024 აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, რომელიც აწესებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, სპეციფიკურ, დამაზიანებელ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ, რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს, სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

საქართველოს საბანკო სისტემა იყო ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია". - ნათქვამია ფორმულას მიერ გავრცელებულ წერილში.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

კომენტარები