ოთარ ფარცხალაძე

იუსტიცია: მიზანშეწონილად ვთვლით ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას

იუსტიციის სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვას. დასკვნა სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტომ პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა. 

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან" - წერია განცხადებაში.

19 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. საქართველოს კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა".

კომენტარები