ოთარ ფარცხალაძე

იუსტიცია: დაიწყო წარმოება ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობაზე და წერს, რომ დაწყებულია წარმოება ყოფილი მთავარი პროკურორის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.

შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს". - წერს იუსტიციის სამინისტრო.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. საქართველოს კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა".

ამასთან ერთად, მისივე თქმით, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.

კომენტარები