ოთარ ფარცხალაძე

პრეზიდენტი: თურნავა უნდა გადადგეს, მის კანდიდატად წარდგენას ვნანობ და ბოდიშს ვიხდი

სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის გამო ეროვნული ბანკის მიღებულ საგამონაკლისო ბრძანებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა. მანვე მოუწოდა სებ-ის საბჭოს, ბათილად გამოაცხადოს თურნავას ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სებ-ის სამი ვიცეპრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, საბჭო სრულად ფუნქციონირებს, რადგან არჩილ მესტვირიშვილს, პაპუნა ლეჟავას და ნიკოლოზ გაგუას უფლებამოსილება მხოლოდ 2 თვის მერე შეუწყდებათ. პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ ნათია თურნავა ეროვნულ ბანკში მისი კანდიდატი იყო, რისთვისაც ბოდიშს იხდის.

"საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთერთი გარანტი და ეკონომიკის მდგრადობის ქვაკუთხედია. მთავარი პრინციპი, რომელსაც ეფუძნება ეროვნული ბანკის საქმიანობა, მისი დამოუკიდებლობაა. ეს პრინციპი ამიტომაც არის დაცული კონსტიტუციით. ამდენად, მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, რომ ჩემი მოვალეობაა - დავიცვა სებ-ის დამოუკიდებლობა.

სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ. კიდევ უფრო მიუღებელი თუ ერთ დონეზე მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ნათია თურნავა დაემორჩილა მუქარას და მისი დამოუკიდებლობის ხელშეხებას. ეს მიმაჩნია ერთდროულად მიუღებელ ნაბიჯად და უღირს საქციელად.

ეს იყო ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, საბჭოს ყველა წევრის, ვიცეპრეზიდენტების და ჩვეულებრივი წევრების გვერდის ავლით. არც კონსულტაცია ჩატარებულა, არც წინასწარ გაუფრთხილებიათ. ამას ადასტურებს დღევანდელი გადადგომების მთელი რიგი. უკვე სამი ვიცეპრეზიდენტი გადადგა და ერთი - პრეზიდენტის მრჩეველი.

ამ მოვლენების შედეგად გარკვეული რეპუტაციული ზიანი უკვე მიყენებულია სებ-ის და მაშასადამე, ქვეყნის მიმართ, სწორედ მათ მიაყენეს ქვეყანას ზიანი, ვისაც ევალებოდათ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასა და ქვეყნის რეპუტაციაზე ზრუნვა...

ამან თავისი გავლენა იქონია საზოგადოების განწყობებზეც. მე სწორედ საზოგადოებას მინდა მივმართო, რათა ამ უღირსი ქცევების მიუხედავად, არ მიეცეს რაღაც პანიკური რეაქციების შედეგი, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააზარალოს სისტემა - რეალურად არსებობს გამოსავალი ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისის გადასალახად.

პირადად ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნათია თურნავას... უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო, პირადად მოვახსენებდი ჩემს მოსაზრებებს, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები:

პირველ რიგში, უნდა გადადგეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით, ამ პრინციპს თავად მიაყენა ზიანი.

ასევე, დროა, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია, რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება ამ საბჭოს პირველი რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ეს შესაძლებელია სამივე ვიცეპრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ კიდევ ორი თვის ვადა აქვთ უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ანუ გადადგომის ვადა არის ორი თვის შემდეგ, საბჭო სრულიად ფუნქციონირებს და შეუძლია, მიიღოს ყველანაირი გადაწყვეტილება.

ეს არის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას და ასევე, საერთაშორისო რეაქციები, რაც მოსალოდნელია. ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობა და საერთაშორისო რეპუტაცია. არავის არ აქვს უფლება, ვიწრო ინტერესების გამო, პერსონალური თუ არაპერსონალური, მაგრამ არაქვეყნის ინტერესების გამო მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ამავე დროს, მინდა, მივესალმო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად ის არის, რაც დღეს სჭირდება ამ ქვეყანას" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი. 

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილების გამო, სებ-ის შვიდკაციანი საბჭოს სამი წევრი გადადგა - სამივე ვიცეპრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ასევე, თანამდებობა დატოვა ნათია თურნავას მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

კომენტარები