ოთარ ფარცხალაძე

ყველას დაგიცავთ ერთნაირად – თურნავა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე

კომერსანტი

"სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს. იქნება ეს ფარცხალაძე, იქნებით ეს თქვენ, ჯვარი გწერიათ, იქნება ეს კიდევ ვინმე სხვა, ყველას დაგიცავთთ ერთნაირად" - ასე პასუხობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა კითხვას - "ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტმა რომ დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ამ შემთხვევაშიც თქვენ პირდაპირ ამბობთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არცერთ მათგანს ანგარიშებს არ გაუყინავს, იქამდე, სანამ ასევე სანქცირებული მურისიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არ იყოს, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები?".

"ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთ სახელს და გვარს, ეს გადაწყვეტილება ერთნაირად იცავს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციუს უფლებებს და არ ავრცელებს ავტომატურად სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებას, პრაქტიკულად სასჯელს, შეზღუდვას, სანქციას, არცერთ საქართველოს მოქალაქეზე იმის გარეშე, რომ არ იყოს ჩატარებული გამოძიება და არ იყოს ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი" - თქვა თურნავამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

კომენტარები